logo
ENG



"გადარჩენა დაგვამადლეს" - სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე კობახიძეს

14 აგვ 202313:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/14/aitd3iszsm0flpv.jpg

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი?" - შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს. ის სოციალურ ქსელში კობახიძის დღევანდელ განცხადებებს "ფსკერს" უწოდებს და მოუწოდებს, ინფორმაცია გადაამოწმოს.

"3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე. როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო, მეწყრის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყრის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი!

3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყრის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ. ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს!

იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა", - წერს ის.

დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".


close დახურვა